logo
ENG



"მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა" - ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

06 თებ 202414:42
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთობის პლატფორმა ევროპისთვის ერქმევა.

ვაშაძე აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა მზად არიან აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ, თუმცა მისი თქმით, დიდ ერთიანობას სააკაშვილის გათავისუფლება სჭირდება.

„მან [ზურაბიშვილმა] გააკეთა განცხადება გარკვეულ პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, საერთო დიდი მიზანი გვაქვს - საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას, შესაბამისად, ამ განცხადებასაც პოზიტიურად ვეხმაურებით. მეორე საკითხია, რომ ამ დიდ ერთიანობას ასევე სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ დიდი ერთიანობისთვის მზად ვართ, გამარჯვების კოალიცია, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ყველანი ერთად მზად ვართ, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, - ამბობს ვაშაძე.

დღეს ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.


close დახურვა